logo
ENG



"დაუშვებელია" - ისრაელის უნივერსიტეტების კურსდამთავრებულები რუსულ კანონზე

06 მარ 202321:47
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/06/aujzutkio1e9tzl.png

ისრაელის უნივერსიტეტების კურსდამთავრებულები და სტიპენდიატები რუსულ კანონთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და საქართელოს ხელისუფლებას მოუწოდებენ გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი, "რათა არ შეაფერხოს ათასობით ადამიანის და ორგანიზაციის საქმიანობა, რომელიც საქართველოსა და სხვა სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნებს/გაერთიანებებს შორის ურთიერთობის განმტკიცებას ემსახურება".

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დაუშვებელი და მიუღებელია სამოქალაქო საზოგადოების და დონორების რაიმე ფორმით სტიგმატიზება და მათთვის გაუმართლებელი შეზღუდვების დაწესება.

"საქართველოში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ფასდაუდებელ საქმეს აკეთებენ ქვეყნის განვითარებისათვის; ეს ყოველივე კი სწორედ ჩვენი უცხოელი მეგობარი ქვეყნების - მათ შორის ისრაელის სახელმწიფოს მხარდაჭერით ხორციელდება. ამიტომ, დაუშვებელი და მიუღებელია სამოქალაქო საზოგადოების და დონორების რაიმე ფორმით სტიგმატიზება და მათთვის გაუმართლებელი შეზღუდვების დაწესება. თითოეული ჩვენგანი, ინდივიდუალურად და სხვადასხვა ისრაელური, ამერიკული თუ ევროპული ორგანიზაციის დახმარებით, საქართველოში არაერთ პროექტს ახორციელებს - რაც საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის ურთიერთობების გაღრმავებას ემსახურება. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი, რათა არ შეაფერხოს იმ ათასობით ადამიანის და ორგანიზაციის საქმიანობა, რომელიც საქართველოსა და სხვა სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნებს/გაერთიანებებს შორის ურთიერთობის განმტკიცებას ემსახურება", - წერია განცხადებაში.

მას ხელს აწერენ:

  • ლაშა შაყულაშვილი, თელ ავივის უნივერსიტეტის ხაიმ როზენბერგის ებრაისტიკისა და არქეოლოგიის სკოლა;
  • რატი გელაშვილი, თელ ავივის უნივერსიტეტის პორტერის გარემოსდაცვით და დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა სკოლა;
  • ვალერიან საათაშვილი, თელ ავივის უნივერსიტეტის ბუხმან-მეჰტას მუსიკის სკოლა;
  • დუგლას ტონია, თელ ავივის უნივერსიტეტის ბუხმან-მეჰტას მუსიკის სკოლა;
  • ნინო კვირიკაშვილი, იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის ებრაული კვლევების სტიპენდიატი;
  • ნონა ნებიერიძე, იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტი;
  • ანდრო გიგაური, ჰაიფას უნივერსიტეტი;
  • თამარ გოფმანი, რამბამის სამედიცინო ცენტრი;
  • მარიამ გერაძე, იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტი;
  • მაკა კრიხელი, შენკარის ინჟინერიის, დიზაინის და ხელოვნების კოლეჯი;
  • აია ჩიქვილაძე, ბეერშევას ტექნოლოგიური კოლეჯის ფარმაციის ფაკულტეტი;
  • დავიდ ფიხმანი, თელ ავივის უნივერსიტეტის ბუღალტერიის ფაკულტეტი;
  • ლია მოშენაშვილი, ღია უნივერსიტეტის არაბული ენის პროგრამა;
  • ნინო პოპიაშვილი, ბეით ბერლის უნივერსიტეტის ლიდერობის საერთაშორისო ინსტიტუტი;
  • მაკა მდივანი, ბარ-ილანის უნივერსიტეტი, პოლიტოლოგიის და ფილოსოფიის ფაკულტეტი
  • თათია გოგატი შოხეტი, ისრაელის კინოს, ტელევიზიისა და თეატრის მხატვარ-დეკორატორი.

***

ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა დეპუტატებმა, რომლებიც საკუთარ თავს "ხალხის ძალას" უწოდებენ, დააინიციირეს კანონპროექტი, რომელიც საქართველოში "უცხოური გავლენის აგენტებს" გააჩენს. ეს კანონი შეეხება ყველას, ვინც ხელისუფლებას აკრიტიკებს. "უცხოური გავლენის აგენტებად" დარეგისტრირდებიან ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოური წყაროა.

ქართული ოცნება მხარს უჭერს კანონპროექტს. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ მსგავსი კანონი აშშ-შიც მოქმედებს, ამავე არგუმენტს იყენებდა რუსეთიც. თუმცა ისინი მანიპულირებენ, როდესაც ამერიკული კანონის მოქმედების დეტალებზე არ საუბრობენ. ამერიკული კანონი სხვა სახელმწიფოების პოლიტიკური ლობიზმის გამოსავლენადაა მიმართული, განსხვავებით ქართული ოცნების რუსული კანონისგან.

მმართველი პარტიის წევრები რუსულ კანონში პრობლემას ვერ ხედავენ, თუმცა კანონპროექტს აკრიტიკებენ საერთაშორისო პარტნიორები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და სხვადასხვა ქვეყნის ელჩები. 

კანონპროექტის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ რუსული კანონი უცხოური გავლენის აგენტებზე სტიგმატიზებას მოახდენს და "გააჩუმებს საქართველოს მოქალაქეების დამოუკიდებელ ხმებს". 

28 თებერვალს კი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ერინ ბარკლიმ ჟენევაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვედრისას უთხრა, რომ კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წინააღმდეგაა მიმართული "საქართველოს ევროინტეგრაციას ძირს გამოუთხრის".

რუსულ კანონზე საქართველოში ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ კანონპროექტის მიზანი სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციაა. ის გააკრიტიკა საქართველოში ევროკავშირის ელჩმაც და აღნიშნა, რომ კანონი ევროკავშირის 12 პრიორიტეტთან შეუთავსებელია. რუსულ კანონს გამოეხმაურა ევროკავშირის საგარეო უწყებაც და განაცხადა, რომ ეს შემაშფოთებელია.

ამას Twitter-ზე გამოეხმაურა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროც და განაცხადა, რომ კანონი ქვეყნების თანამშრომლობაზე უარყოფითად აისახება. უწყების თქმით, კანონპროექტი ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მტკიცე ევროპულ მისწრაფებებსა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო ვალდებულებებს. ნორვეგიამ კანონმდებლებს მოუწოდა, საქართველოს დემოკრატიის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედონ.

კანონპროექტი გააკრიტიკა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა - მან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს ოფიციალური წერილით მიმართა და მოუწოდა, კანონის მიღებაზე უარი თქვას. მისი განცხადებით, კანონს, შესაძლოა, სერიოზული მსუსხავი ეფექტი ჰქონდეს ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სფეროში აქტიურად მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციათა საქმიანობაზე. 


close დახურვა